დღემდე შემორჩენილი, ტანისამოსის აღმნიშვნელი ტერმინების უმეტესობა არაქართულია, მათი დიდი ნაწილი საუკუნეების მანძილზე ილექებოდა ქართულ ენაში. თვით ტერმინი ტანიც სპარსული წარმოშობისაა, რომელიც ხ საუკუნეში დამკვიდრდა ქართულ ენაში, მანმადე მის ნაცვლად იხმარებოდა გვამი და შესაბამისად ტანისამოსიც ამ სიტყვით იყო ნაწარმოები, მაგალითად, ზედაგვამი და ქვედაგვამი, ეს ფორმა დღეს მხოლოდ ხევსურების მეტყველებაშია შემორჩენილი (ჯავახიშვილი 1962: 81).
შიგნითა ჩასაცმელის აღსანიშნავად X_XI საუკუნეებიდან ჩნდება ტერმინი საცვალი, როგორც მისი შინაარსიდანაც ჩანს, იგი გამოსაცვლელ სამოსელს ნიშნავდა. საცვალი მხოლოდ კულტურულ ერებს ჰქონდათ (ჯავახიშვილი 1962: 83). ზედა საცვალის აღსანიშნავად იხმარებოდა კუართი, რომელიც XI საუკუნეში სპარსულმა პერანგმა შეცვალა. ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა აგრეთვე ტერმინი `ფესვედი სამოსელი~. ქვედა საცვლის აღმნიშვნელად გვხვდება სახელი ნიფხავი, რაც სიცივეში ჩასაცმელს უნდა გულისხმობდეს (ნეფხვა _ სიცივე, ყინვა), XI საუკუნიდან მის ნაცვლად იხმარება პერანგის ტოლი ან ამხანაგი (ამხანაგი ასევე სპარსული სიტყვაა და X საუკუნეში უნდა იყოს შემოსული ქართულ ენაში) (ჯავახიშვილი 1962: 92). ქვედა ჩასაცმელი იყო აგრეთვე საწმერთული, რაც ცხენით მგზავრობის დროს ჩასაცმელი სამოსი იყო. საბას განმარტებით ის შარვლის სინონიმი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან შარვალი ქართულში მხოლოდ XVII საუკუნეში შემოდის, იგი ასევე სპარსული სიტყვაა და ნიფხავს, ანუ ქვედა საცვალს ნიშნავს (სულხან-საბა 1991: 95).
გარეთა ჩასაცმელის აღმნიშვნელად ძველ ქართულში (შუშანიკის წამების მიხედვით) გვხვდება კუბასტი და პარეგავტი. `პარეგავტი~ ასურულ ტერმინად არის მიჩნეული და ძვირფასი, ოქროქსოვილი და საოლველით შემკული გარეთა ჩასაცმელი იყო (ჯავახიშვილი 1962: 98).
გარეთა მოსაცმელის, ანუ მოსასხამის აღმნიშვნელად ძველ ქართულში გამოიყენებოდა ტერმინი ხალენი, რომელიც X საუკუნიდან ქრება. X_XI საუკუნეებში კი მოსასხამს მაზარა ეწოდებოდა (ჯავახიშვილი 1962: 100). თანამედროვე ქართულში გავრცელებული ტერმინი კაბაც ახალი სპარსულიდანაა შემოსული ქართულში, იგი XIII საუკუნიდან უკვე იხმარება ქართულ მწერლობაში. კაბა სამამაკაცო და სადიაცო სამოსელს წარმოადგენდა, რომელიც ძვირფასად იყო მორთული და სხვადასხვა ფერის ქსოვილისგან იკერებოდა.
XVII საუკუნიდან ჩნდება ტერმინი ახალოხი, რომელიც ჯავახიშვილს ასევე თურქული წარმოშობისად მიაჩნია, გამოდის, რომ ქართული კლასიკური სამოსის აღმნიშვნელი ჩოხა-ახალუხი არაქართული წარმოშობის ტერმინია; ჩოხა მატყლის ქსოვილს ნიშნავს თურქულად და მხოლოდ ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა XVI_XVII საუკუნეებამდე. როგორც ჩანს, ამავე პერიოდიდან ხდება ქართულ ჩასაცმელშიც გარკვეული ცვლილება და ჩნდება ტანსაცმლის ის ფორმა, რომელიც `ჩოხა-ახალუხით~ გამოიხატება.
არსებული წყაროების მიხედვით, ასე გამოიყურება VI_XIV საუკუნეების ქართული სამოსელი, თავისი შესამკობლითურთ _ მდიდრული და მოკრძალებული, დახვეწილი გემოვნების მაჩვენებელი.
XV საუკუნიდან, მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, ქვეყნაში მდგომარეობა რადიკალურად იცვლება, რაც თავის ასახვას პოვებს ჩაცმის კულტურაზეც, ვრცელდება ირანული და ოსმალურ-თურქული ჩაცმის ელემენტები, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომელნიც მძაფრად განიცდიან ამ სახელმწიფოთა აგრესიას.
მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, მოსახლეობასა და ნაწილობრივ მაღალ ფენაშიც, შემოინახა ქართული ჩასაცმელი. განსაკუთრებით ეს ითქმის მთიან რეგიონებზე, რომელთაც ევროპული ჩასაცმელის შემოსვლამდე შეინარჩუნეს ტრადიციული სამოსი.
XVII_XVIII საუკუნეებიდან ტანისამოსის დასამზადებლად იყენებენ უცხოურ მასალას, ნახსენებია ინდური, სპარსული, რუსული, ფრანგული და ინგლისური ქსოვილებისგან დამზადებული სამოსელი (ბეზარაშვილი, ჯალაბაძე 1988: 4).
თუ მანამდე საქართველოში ძირითადად ადგილობრივად დამზადებული ქსოვილი გამოიყენებოდა (მიუხედავად იმისა, რომ იმპორტს უძველესი დროიდანვე ჰქონდა ადგილი), XIX საუკუნიდან იწყება მზა მასალის აქტიური შემოდინება, რაც ნიადაგს აცლის ადგილობრივ წარმოებას. ამ ცვლილებამ შემდგომ პერიოდში ასახვა პოვა ტანსაცმლის ელემენტებში. ამავე პერიოდში გავრცელებას იწყებს უცხოური მზა ნაწარმი, რომლის პირველი მომხმარებლები მაღალი წოდების, ქალაქის მაცხოვრებლები არიან.
ხხ საუკუნის დასაწყისში კი საქართველოს მხოლოდ მთიან რეგიონებში იქსოვებოდა სატანსაცმლე შალი, რაც, თავისთავად, ტრადიციული სამოსის დაკარგვასაც გულისხმობდა. XX საუკუნის შუა წლებიდან, ფაქტობრივად ხმარებიდან გამოვიდა ქართული ჩასაცმელი და იგი ევროპული სტილის ტანსაცმელმა შეცვალა.
ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქალის ორნაწილიანი სამოსი, ანუ ზედატანი და ქვედატანი. ეს ფორმა უკლებლივ ყველა კუთხეში ვრცელდება. მიუხედავად ტრადიციული ტანსაცმლის ხმარებიდან გადასვლისა, მისი ზოგიერთი ელემენტი თავს ინარჩუნებს ახალი სტილის სამოსელში, ეს ძირითადად ჩასაცმელის მორთულობასა და თავის დაბურვის წესში გამოიხატებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული მრავალფეროვნებით ძირითადად ქალის ტანისამოსი ხასიათდებოდა.
ჩასაცმელი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მიხედვით. ტრადიციული ქართული ტანისამოსი, მიუხედავად საერთო ელემენტების არსებობისა, გარკვეულწილად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მიხედვით, რაც ლოკალური ეკონომიკურ-კულტურული და გეოგრაფიული თავისებურებებით იყო გამოწვეული.
ამავე დროს, საქართველოს ყველა კუთხეში ვრცელდება ე. წ. `ქართული სამოსი _ ჩოხა-ახალუხი~. ის მაღალი ფენის წარმომადგენლებისთვის ყოველდღიური ჩასაცმელია, ხოლო გლეხებისთვის _ გამოსასვლელი და სადღესასწაულო. შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპლექსის შემადგენელი ქალის ქართული კაბა, გარკვეულწილად მსგავსებას ამჟღავნებს შუა საუკუნეების ჩასაცმელთან _ წელში დავიწროვებულ და სარტყელშემოვლებულ კაბასთან.
განსაკუთრებით გამორჩეული იყო ხევსურული `ტალავარი~, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. ეს განსხვავება გამოიხატება ტანსაცმლის აჭრილობასა და შემკულობაში. როგორც კვლევამ გამოავლინა, თავიდან მსგავსი ტანისამოსი უნდა ეტარებინათ თუშებსა და ფშავლებსაც, უფრო ადრე კი, იგი გავრცელებული უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც. ხევსურული ჩაცმულობის კომპლექსი არქაულია და მისი სახით უძველესი ხანის ჩაცმულობის იშვიათი კომპლექსი გვაქვს შემორჩენილი (ბეზარაშვილი, ჯალაბაძე 1988: 6). ასევე მკვეთრად განსხვავდება სხვა კუთხეების ჩასაცმელისგან აჭარული და გურული სამოსი (იგი გავრცელებული იყო აგრეთვე ლაზეთში), ეს ჩასაცმელი ხასიათდებოდა ზედა სამოსის სიმოკლით, რაც მოხერხებული იყო ზღვაოსნობის დროს.
მაგალითისთვის დაწვრილებით განვიხილავთ ხევსურულსა და გურულ-აჭარულ კოსტიუმებს.
ხევსურული ქალის ტალავარის ძირითადი ელემენტი სადიაცო კაბაა, მისი მასალა ლურჯი ან შავი ფერის შალი იყო. კაბა სადა იყო მუხლამდე, მუხლზე კი `ქოქომონი~ შემოეკერებოდა, რომელიც შალის ფერადი ძაფებისგან მოქსოვილი არშია იყო. ქოქომონი ორგვარი ყოფილა: ერთი, მთლიანი, შალის ფერადი ძაფით ნაქსოვი, ხოლო მეორე _ ფერადი ნაჭრებისგან შედგენილი. კაბის გულისპირი (ფარაგა), წინკალთა და სახელოები ქარგულობით და აპლიკაციებით იყო მორთული, რისთვისაც იყენებდნენ ფერად ძაფებს, ვერცხლის ძეწკვებსა და ფირფიტებს, ხშირად იყენებდნენ ვერცხლის ფულსაც. სადიაცო კაბაზე შემორტყმული ჰქონდათ ნაქსოვი სარტყელი (ბეზარაშვილი 1947: 42).
გარეთა ჩასაცმელი ორგვარი იყო: `ფაფანაგი~ და `ქოქლო~. ქოქლოს გვერდებში შედგმული აქვს წელზე ნაკეცებად მიდგმული განიერი კალთა,`ქოქლო~ მოკლესახელოებიანია და ყოველდღიური გარეთა მოსაცმელი იყო, ფაფანაგი კი _ სადღესასწაულო. ქალის თავსაბურავი ორი ელემენტისგან შედგებოდა: სათაურა და მანდილი. სათაურა იყო ბამბის ან შალის ქსოვილიგან შეკერილი თავსაბურავი, მძივებით და სამკაულებით შემკობილი, მეორე კომპონენტი იყო ფოჩებიანი მანდილი, ინდიგოს ფერზე შეღებილი (ბეზარაშვილი, ჯალაბაძე 1988: 6).
ორიგინალური სტილისა და ნაქარგებით მორთული იყო ხევსური მამაკაცის ჩასაცმელი. ის შედგებოდა მუხლამდე სიგრძის მქონე, გვერდებში ჩახსნილი ანუ `სამხედროიანი~ ზედატანისა და მოკლე შარვლისგან; გარედან იცვამდნენ აგრეთვე მოკლე და ღია ჩოხას; თავზე ეხურათ ტყავის ან შავი ფერის, მოქარგული ქუდები (ბეზარაშვილი 1980: 11). ამასთანავე, ხევსურული კოსტიუმის ელემენტებს წარმოადგენდა თათები, ლამაზად დაჭრელებული ბაჭიჭები და ასევე დაჭრელებული საფუხრები (ხელთათმანი) (მასალები... 1983: 122,124). ხევსურულ ჩასაცმელთან კარგად იყო შეხამებული ხევსურის შეიარაღება, რომელიც სხვდასხვა ფორმისა და ზომის ხმალ-ხანჯლების, ფარის, საცერულებისა და სხვა კომპონენტებისგან შედგებოდა.
გამორჩეული იყო აგრეთვე აჭარასა და გურიაში გავრცელებული სამამაკაცო ტანისამოსიც, რომლის ფორმაც ზღვაოსნობით იყო განპირობებული. ამ კომპლექსს `ჩაქურა~ ერქვა (ჩაქურას ზოგჯერ მხოლოდ შარვალსაც უწოდებდნენ), იგი შედგებოდა სირმით გაწყობილი ზედა და მოკლე ჩასაცმელისგან და ნაოჭიანი, ოთხი წიწილით შეკერილი უბიანი შარვლისგან, რომელზეც აბრეშუმის მრავალფერად შეღებილი `სამყადის სარტყელი~ იყო შემორტყმული. სარტყელში გარჭობილი ჰქონდათ ფფიშტო, მოკლე სატევარი და ჩამოკიდებული იყო თოფის წამლის საზომი (ყანთაქილა), საქონე და მათარა. ამ ჩაცმულობას სრულ სახეს აძლევდა თავსაბურავი ყაბალახი და ტყავის ფეხსაცმელი (მასალები... 1983: 252, 254). აჭარაში ქალის სამოსელი ძირითადად სამი სახის იყო: ზუბუნ-ფარაგა, დატეხილი კაბა და ფორკა-კაბა. ზუბუნ-ფარაგა და დატეხილი კაბა ერთმანეთის პარალელურად არსებობდნენ, იკერებოდა როგორც ადგილზე წარმოებული, ისე შემოსული ქსოვილისგან. ზუბუნ-ფარაგას ადგილობრივი, ქართული წარმოშობისად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ფართოდ იყო გავრცელებული აჭარის მუსულმან მოსახლეობაში (სამსონია 2005: 45-49). გურული ქალის სამოსელში არსებულ მოკლე ზედატანს სწორედ აჭარულ-გურული “ზუბუნადან” მომდინარედ თვლიან (ბეზარაშვილი 1980: 97).
ასე გამოიყურებოდა ტრადიციული ქართული სამოსელი, რომელიც წარმოადგენდა სრულ კომპლექსს, შესაბამისი მორთულობით, ვარცხნილობით და თავისდაბურვის წესებით. როგორც გამოჩნდა, ის საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და იცვლებოდა, როგორც სხვა ხალხებთან ურთიერთობის შედეგად, ისე ბუნებრივი განვითარების საფუძველზე, რის შედეგადაც ქართული ტრადიციული კოსტიუმი ჩამოყალიბდა, როგორც ორიგინალური და სრულყოფილი სახის მქონე კომპლექსი.
No comments:
Post a Comment