ქართული სამეფო სამოსელი


ცალკე არის გამოკვლეული ქართველ მეფეთა და დედოფალთა სამოსელი, საეკლესიო მხატვრობისა და მონეტებზე შემონახული გამოსახულებების მიხედვით.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ X_XIII საუკუნეების ქართული სამეფო ჩასაცმელი, ფაქტობრივად ბიზანტიური წარმომავლობისაა, რაც პოლიტიკური ვითარებითა და კულტურული კავშირებით იყო განპირობებული. ბიზანტიური სამეფო სამოსელი საქართველოში V_VI საუკუნეებში ლაზიკის და VIII_IX საუკუნეებში ტაო-კლარჯეთის საშუალებით უნდა შემოსულიყო (ჯავახიშვილი 1962: 27). ბიზანტიურია არა მარტო სამეფო სამოსელის სტილი და შემკულობა, არამედ ტერმინოლოგიაც, რიგი გამონაკლისის გარდა. სამეფო სამოსელი შედგებოდა ფესვედი სამოსელის — `კვართი~, ბისონის და დიადემისგან. ფეხსაცმლის აღმნიშვნელი ტერმინი ცნობილი არ არის, ამიტომ მის აღსანიშნავად მკვლევარები `მოგვებს~ იყენებენ, რაც ტყავის, მაღალყელიან და უქუსლო ფეხსაცმელს ერქვა. ქართველ მეფეთა ბისონი ბიზანტიურიგან ოდნავ განსხვავდებოდა, ის შედარებით ფართო და მოკლე იყო, ხოლო ბიზანტიური უფრო ვიწრო და გრძელი. ქართველ მეფეთა ბისონს, ბიზანტიურისგან განსხვავებით, არ ჰქონდა სარტყელი და ყელთანაც განსხვავებული ჭრილი უკეთდებოდა. განსაზღვრული არ იყო ბისონის ფერიც, ის სხვადასხვა ფერის შეიძლებოდა სცმოდათ: ღია მწვანე (ბაგრატ IV), მოყავისფრო-წითელი (ბაგრატ III, გიორგი III, თამარ მეფე), იისფერი (დემეტრე II), ცისფერი (ბორენა დედოფალი).
ბისონი შეიძლებოდა ყოფილიყო მძიმე ოქროქსოვილისა და მსუბუქიც, ძვირფასად მორთული. განსაკუთრებით ძვირფასია თამარ მეფის ბისონი, ვარძიაში გამოსახული _ იისფერი პურპური დასერილია შავი, მარგალიტით გაწყობილი ზოლებით, რომელთა კვეთითაც რომბებია მიღებული, ხოლო რომბებში იისფერი გულებია ჩასმული.
ფესვედი სამოსელი, ანუ კვართი, ძლიერ განიერი უნდა ყოფილიყო, ვიწრო და გრძელი სახელოებით. დიადემა ძირითადად ორი სახისაა: ერთი, როცა ის მანიაკიდან არის დაშვებული ვერტიკალურად და მეორე _ ტანზე შემოხვეული და გულზე გადაჯვარედინებულ ნაწილად დამაგრებული. დიადემა სახიანი ქსოვილის ნაჭერია, რომლის ერთი ბოლო განიერია, მეორე ვიწრო. იგი თითქოს მთელ სხეულზეა შემოხვეული, ვიწრო ნაწილი ვერტიკალურადაა დაშვებული, ხოლო ფართე მარცხენა მკლავზეა გადაფენილი. დიადემა განსაკუთრებით ძვირფასად ირთვებოდა მარგალიტებითა და ძვირფასი ქვებით. ამ მორთულობის შედეგად დიადემა ისე დამძიმდა, რომ მისი ტარება გაჭირდა და ამიტომაც შეიცვალა მან ფორმა და ვერტიკალურად დაშვებული სახე მიიღო. ქართველი მეფეები ორივე ფორმის დიადემებით არიან გამოსახული (ჩოფიკაშვილი 1964: 76-78). 
განსხვავებული სამეფო სამოსელით არიან წარმოდგენილნი გიორგი II, დემეტრე I და ლაშა-გიორგი. მათ აცვიათ წელში დავიწროვებული, ქობისკენ მკვეთრად გაგანიერებული და ნაკეცებად დაშვებული, მუხლის ქვემოთ სიგრძით და წინ წელამდე ჩახსნილი სამოსელი. შემოვლებული აქვს წვრილი სარტყელი, რომელიც შემოჭერილი არ არის, არამედ წელს ქვემოთ არის შემოვლებული. ამ სამოსისთვის დამახასიათებელია დადაბლებული წელი, რაც არაპროპორციულობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რის მიზეზადაც იმდროინდელი მოდაა მიჩნეული. სამოსის ეს სტილი სამხედროა და XI საუკუნეში აღმოსავლეთში, კერძოდ, არაბეთსა და სპარსეთში გავრცელებულად ითვლება (ჯავახიშვილი 1962: 28). 
მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამეფო სამოსელი ბიზანტიური სტილისაა, მას რიგი თავისებურებები მაინც ახასიათებს, რაც ბიზანტიურისგან განასხვავებს, მაგალითად, ფესუედი სამოსელი და ბისონი უფრო მოკლეა და ფართე, განსხვავებულია გვირგვინი და ფეხსაცმელი (ჩოფიკაშვილი 1964: 88). სამეფო სამოსის ბიზანტიური სტილი XV საუკუნის ბოლომდე ინარჩუნებს თავს. სამეფო და დიდგვაროვანთა სამოსის მოსართავად გამოიყენებოდა მანიაკი და სამკლავეები. მანიაკი ოქრომკედით, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით შემკული ქსოვილის საყელო იყო, რომელიც გულმკერდსა და მხრებს ფარავდა და ნახევარმთვარის ფორმა ჰქონდა. მანიაკი ეგვიპტესა და ასურეთში გაჩნდა. ბიზანტიელებმა მანიაკები სპარსელებისგან გადაიღეს თანამდებობის პირთა განმასხვავებელ ნიშნად. ჰქონდა თუ არა საქართველოში მანიაკს თანამდებობრივი დანიშნულება, გაურკვეველია.
პირველი ქართული გამოსახულება მანიაკისა XI საუკუნეს მიეკუთვნება. XI_XIV საუკუნეების ქართულ ფრესკებსა და ოქრომჭედლობის ნიმუშებზე გამოსახული მანიაკები პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: 1. სამეფო დიადემებთან დაკავშირებული მანიაკები და 2. სამხედრო და საერო პირთა სამოსზე გამოსახული მანიაკები. მანიაკი ოქროქსოვილის, ძვირფასი თვლებით და მარგალიტებით მორთული მოსართველია, `საყელო მოთვალულ-მომარგალიტული~.
ქართულ სამოსზე VI საუკუნიდან შეიმჩნევა სამკლავე და სამხრე, რომელთაც სპარსული წარმოშობისად მიიჩნევენ. ჰქონდა თუ არა მას საქართველოში რაიმე თანამდებობრივი დანიშნულება, გაურკვეველია.
საქართველოში გავრცელებული სამკლავეები ძირითადად ექვსი სახისაა. სამკლავეები მორთული იყო ნაქარგებით, ან მარგალიტებითა და ძვირფასი ქვებით იყო გაფორმებული (ჩოფიკაშვილი 1964: 104_108). 
სამოსის მოსართავი და, ამავე დროს, პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნდა სარტყელს, რომელსაც საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულია განსაკუთრებული ორნამენტის მქონე და სტილიზებური სარტყლები, სხვადასხვა ფორმის ბალთებით გაფორმებული, რომელთა ისტორიაც ბრინჯაოს ხანიდან იწყება. 
VI_VII საუკუნეებში გვხვდება ტყავისა თუ ქსოვილის ბრტყელი სარტყლები, გვერდზე ჩამოშვებული თასმებით. VIII საუკუნეში ატარებდნენ სახიანი ქსოვილის ქამრებს, ხოლო შემდგომ პერიოდში ჩნდება წნული სარტყელიც. ხჳ_ხჳჳ საუკუნეებში მხოლოდ სვანეთის მხატვრობაში გვხვდება მარგალიტებით მოოჭვილი თასმის სარტყელი (ჩოფიკაშვილი, 1964: 110). 
სამოსის შესაკრავად ძველთაგანვე გამოიყენებოდა ღილები, რომელთაც შემდგომ ტანისამოსის მოსართავი ფუნქციაც შეითავსეს. ღილები სხვადასხვა მასალისა და ფორმის იყო. გვხვდება ლითონის, ძვირფასი ქვების, მარგალიტისა და ოქროს ღილები, მრგვალი, ოთხკუთხა ფორმებისა, ხოლო მოსასხამების შესაკრავად გამოიყენებოდა ვარდულისებრი და პეპელასმაგვარი, მრგვალი ან რომბისებური ფორმის ღილები (ჩოფიკაშვილი 1964: 111). 
შუა საუკუნეების ქართული ქსოვილების მხოლოდ რამდენიმე ნიმუშმა მოაღწია ჩვენამდე, ესაა სვანეთის ეკლესიებში დაცულ ხატების ზურგზე და რამდენიმე სახარების ყდაზე გადაკრული ქსოვილები. ეს ქსოვილები სახითაც და მასალითაც იმ დროის ბიზანტიისა და საერთოდ აღმოსავლეთში გავრცელებულ ქსოვილებს უახლოვდება. წერილობით წყაროებში დაცული, ქსოვილების აღმნიშვნელი ტერმინების უმეტესობაც სპარსული, ბერძნული ან არაბულია: `ჭიჭნაური, ხავედი, სტავრა, საკრამანგი, ზარქაში, ოქსინო, ლარი, ჰარირი, ხარა, ხატაური~ (ჩოფიკაშვილი 1964: 112). არაქართული ტერმინების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ქსოვილები ადგილზე არ იწარმოებოდა. ჯერ კიდევ კოლხეთის სამეფო იყო განთქმული სელის ნაწარმით, რომელიც დიდი ოდენობით გადიოდა სხვა ქვეყნებში გასაყიდად. სელის გარდა მზადდებოდა ოქროქსოვილი და სხვა სახის ქსოვილებიც, რომელთა ექსპორტიც ხდებოდა საქართველოდან.
ტანსაცმლისთვის გამოყენებული ქსოვილები ორი სახის იყო: სახიანი და უსახო, თუმცა უმეტესად სახიანი გამოიყენებოდა. მასზე სხვადასხვა გამოსახულებები და აპლიკაციები კეთდებოდა. ქართული სახიანი ქსოვილები, მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვნებით ხასიათდებოდა, ამავე დროს კონსერვატიულიც იყო, ვინაიდან ქსოვილთა სახეები და ძირითადი ფიგურები ნელა იცვლება. მაგალითად, ყველაზე გავრცელებული რომბების ბადე, მთელი შუა საუკუნეებისთვისაა დამახასიათებელი. რომბების გარდა ქსოვილები გაფორმებულია წრეებით, პარალელური ხაზებით, ჭადრაკულად განლაგებული სხვადასხვა ფიგურებით, სამყურა ფოთლებითა და ვარდულებით.
გავრცელებულია სხვადასხვა ცხოველთა და ფრინველთა სახეებიც: ლომები, ფასკუნჯები, არწივები, გრიფონები და სხვ. ქსოვილების გაფორმებისას ხშირად გამოიყენება მცენარეული ორნამენტი. ტანისამოსის მოსართავად VIII საუკუნიდან დასტურდება ბეწვის გამოყენება, ის ძირითადად ტანისამოსის საყელოსა და ქუდზეა შემოვლებული. როგორც წყაროებიდან ჩანს, გამოიყენებოდა ყარყუმის (მის შესატყვისად გვხვდება `ხაზდი~) ძვირფასი ბეწვი და მელიის ბეწვი. `ვეფხისტყაოსანში~ დაცული ცნობის თანახმად კი, ტყავის ჩასაცმელი და ქუდიც გამოიყენებოდა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის აზრით, სამგზავრო სამოსს წარმოადგენდა, რასაც თეიმურაზ ჳჳ-ის ცნობაც ადასტურებს, რომ დედოფალს სამგზავროდ ტყავ-კაბას წამოასხამდნენო. მზითვის წიგნებიდან კი ჩანს, რომ მოგვიანო პერიოდში (XVII_XVIII სს.) ტყავ-კაბებთან ერთად სიასამურისა და კურდღლის ბეწვის მოსასხამებიც გამოიყენებოდა (ჯავახიშვილი 1962: 117_118). 
აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ნადირობა მაღალ დონეზე იყო განვითარებული და ერთ-ერთ ძირითად სამეურნეო დარგს წარმოადგენდა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, შეუძლებელია არ ყოფილიყო გავრცელებული ტყავისა და ბეწვის ჩასაცმელი, მითუმეტეს, რომ მთელ საქართველოში ძირითადად გამოქნილი ტყავის ფეხსაცმელი იყო გავრცელებული.
კარგად მორთული ტანისამოსის გარდა, ადამიანის შესამკობელად სამკაულიც იყო აუცილებელი. არქეოლოგიური მასალის მიხედვით ჩანს, რომ სამკაული უძველესი დროიდან ყოფილა გავრცელებული. საქართველოს ტერიტორიაზე პალეოლითის დროინდელი ყელსაბამის ფრაგმენტებია აღმოჩენილი. შუა ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, ოქროსა და ძვირფასი თვლებისგან დამზადებული, უამრავი სამკაული გვხვდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია კოლხური კულტურისა და შემდგომი პერიოდის ქართლის (იბერიის) სამეფოსდროინდელი `შესამკობლები~, რომელნიც სამკაულთა გასაოცარი სრულყოფილების ნიმუშებს წარმოადგენენ.
წერილობით ძეგლებსა და საეკლესიო მხატვრობაში სამკაულთა სახეობები, ადრე და შუა საუკუნეებში, არცთუ ისე მრავალფეროვანია. ჩანს, რომ სამკაულად გამოიყენებოდა ყელსაბამი, საყურე და ბეჭედი. ამ თვალსაზრისით ყველაზე სრულ ინფორმაციას თამარის ფრესკები იძლევა: მას ყელზე უკეთია შავი, ბრტყელი სალტე, მსხვილი მარგალიტებით და ოვალური წითელი ქვით შემკული. ამ ყელსაბამიდან მანიაკამდე წვრილი თეთრი ზოლებია გავლებული. ამავე ფრესკაზე თამარს ოქროს ბრტყელი, ორმაგი რგოლი, მარგალიტებით შემოვლებული წითელთვლიანი საყურე უკეთია. სხვა ფრესკაზე კი მსხლის მოყვანილობის საყურე ამშვენებს. საყურე მხოლოდ ქალთა სამკაულს არ წარმოადგენდა, მას მამაკაცებიც ატარებდნენ და, წყაროების მიხედვით, შესაძლებელია, რამოდენიმე ცალს ერთ ყურზე. რაც შეეხება ბეჭედს, მისი ტარების მანერაც XII_XIII საუკუნეებში თითქმის ერთნაირი ყოფილა: თამარს ბეჭდები ნეკა თითსა და არა თითის ბოლო ფლანგზე აქვს ჩამოცმული, ასევე აქვს ბეჭედი მორგებული ლაშა-გიორგის. ბეჭდის ტარების ანალოგიურ წესს ვხვდებით XVI საუკუნის ფრესკებზეც _ ზემო სვანეთის ლეხთაგის ეკლესიაში გამოსახულ ჯაფარიძეთა ასულებზე (ჩოფიკაშვილი 1964: 156). 

No comments:

Post a Comment